logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის აგვისტოს ომის ხსოვნისადმი მიძღვნილ კამპანიას იწყებს

ბანერი.png
07 აგვისტო, 2022
 0

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება შეთქმულების თეორია, თითქოს დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. კრემლის მხარდამჭერი ჯგუფები ამ პერიოდში ყოველწლიურად ავრცელებენ 2008 წლის ომთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას, თუმცა წელს განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ფონზე.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის 14 წლისთავმა კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს, რამდენად მნიშვნელოვანია ტყუილს, სიცრუესა და შეთქმულების თეორიებს სიმართლე დავუპირისპიროთ. რუსული დეზინფორმაციული გზავნილები, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიაში, მსხვერპლს - უკრაინას ადანაშაულებენ, სწორედ ისე, როგორც წლების განმავლობაში 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრაში დამნაშავედ, ასევე მსხვერპლს - საქართველოს აცხადებდნენ. მსგავსი დეზინფორმაცია შეურაცხყოფს იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად და მათ მიერ ლეგიტიმური წინააღმდეგობის გაწევას ფუჭ მსხვერპლად წარმოაჩენს.

გარდა ამისა, მსგავსი შეთქმულების თეორიები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, რომელთა საქმიანობაც საქართველოს რუსეთის აგრესიისგან დაცვასა და ჩვენი მოქალაქეობის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას ემსახურება.

ბოლო თვეებში მსგავსი შეთქმულების თეორიების გააქტიურების გამო, კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის გადაწყვიტა წამოეწყო კამპანია, რომელიც მსგავს ტყუილსა და სიცრუეს სიმართლით დაუპირისპირდება.

ჩვენ ვესაუბრებით იმ ადამიანებს, ვისაც, ნებსით თუ უნებლიეთ, სჯერა იმ სიცრუის და კონსპირაციული თეორიის, რომ დასავლეთი ომში გვითრევს. ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ ყველას დავანახოთ ქართული საზოგადოების ერთსულოვნება და შევახსენოთ მათ, რომ:

  • რუსეთი კვლავაც აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას. რუსეთმა და მის კონტროლს დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რის შედეგადაც ორივე რეგიონის ომამდელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი სახლებიდან განდევნეს;

  • ეთნიკურ წმენდასა და ოკუპაციაზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტშია დაფიქსირებული;

  • რუსეთმა დაიწყო 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია - მათი სამხედრო ნაწილები, რომლებიც არ შედიოდნენ ე.წ. სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, 7 აგვისტოს შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და განახორციელეს სამხედრო აგრესია;

  • მსგავსი სცენარით, რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 2022 წელს;

  • დასავლეთს არ სურს საქართველოს ომში ჩართვა და წლების განმავლობაში მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო უსაფრთხო და დაცული ქვეყანა გახდეს.

ვთხოვთ ყველას, ნუ გაავრცელებთ სიცრუეს. გვახსოვდეს რისთვის დაიღუპნენ ჩვენი გმირები და პატივი ვცეთ მათ ხსოვნას.

გვსურს კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი უდიდესი პატივისცემა სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლი ყველა გმირის და მათი ოჯახების მიმართ.

დიდება გმირებს!

კამპანიის შესახებ:

კამპანია მეტრო სადგურებში ბანერების განთავსებით დაიწყო. კოალიცია არის იმ ვიდეორგოლის ავტორი, რომელშიც აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ყველას, არ გავრცელონ დეზინფორმაცია და არ შეურაცხყონ გმირების ხსოვნა.

კამპანია 7 აგვისტოს, გორში, ღონისძიებით გაგრძელდება, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად რუსეთის ომებზე რეგიონში, და ამ ომებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე ვისაუბრებთ. ღონისძიება აგვისტოს ომის ხსოვნისადმი მიძღვნილი გრაფიტის გახსნით დასრულდება.