logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის ეხმიანება კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც მკვლევართა საარქივო ფონდებზე წვდომას კიდევ უფრო ზღუდავს

274320707_147507204356426_1668832770020069395_n.png
20 თებერვალი, 2022
 0

2022 წლის 1 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება, რომლითაც მკვეთრად იზღუდება სამინისტროს სისტემაში შემავალ სამუზეუმო, მათ შორის საარქივო ფონდებში მკვლევართა დაშვება. Კერძოდ, კვლევითი საქმიანობით დაინტერესებული პირი სამუზეუმო ფონდში მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით დაიშვება. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ კი სამინისტროსაც უნდა ეცნობოს.

დოკუმენტებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის ფიზიკური დაცვის და შენახვის გარდა, საარქივო და სამუზეუმო სფეროს მთავარი ამოცანა, მათი კვლევისა და განათლების პროცესისათვის ღიაობა და ხელმისაწვდომობაა. იმ პირობებში, როდესაც მტრული ქვეყნის მთავარი დასაყრდენი საბჭოთა იდეოლოგიზებული ისტორიაა, მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა ხელს უწყობს რუსეთის დეზინფორმაციას და შესაბამისად, ასუსტებს მოქალაქეთა მდგრადობას პროპაგანდის წინააღმდეგ.

არქივსა და სამუზეუმო ფონდში მოქალაქეთა კვლევითი საქმიანობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. უკანასკნელ წლებში, საარქივო და ახლა კი უკვე სამუზეუმო სფეროშიც, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ქმნის დამატებით, რუტინულ და საბჭოური ტიპის ცენტრალიზებულ მექანიზმებს, რითაც მაქსიმალურად უშლის ხელს მოქალაქეებს სწრაფად, სრულფასოვნად და მარტივად ისარგებლონ ამ წყაროებით. მაგალითად, იუსტიციის სამინისტრო მესამე წელია გადაჭრით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ არქივში (რომელიც სამინისტროს სსიპ-ია) არქივებზე წვდომის ხელოვნურად შეზღუდვის შემსუბუქებას.

სამუზეუმო და საარქივო კვლევა არის საკვანძო იმისათვის, რომ ისტორიულ დეზინფორმაციას მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვებრძოლოთ.

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის, გმობს ეროვნული მუზეუმის ფონდებთან კვლევისთვის დაშვებაზე სამინისტროს მიერ, ერთგვარი ვეტოს ანალოგიური შემზღუდავი მექანიზმის ამოქმედებას და მოუწოდებს სამინისტროს:

  • არქივები სრულად საჯაროდ ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდეს, რათა მედია საშუალებებმა, დოკუმენტალისტებმა, კინემატოგრაფებისტებმა, მეცნიერებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა შეძლონ ეფექტიანი გამოყენება;
  • თავი შეიკავოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დამატებითი ბარიერების დაწესებისგან, რადგან ეს ეწინააღმდეგება მმართველობის დემოკრატიულ ღირებულებებს და აფერხებს/ანელებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გავრცელების შესაძლებლობებს;
  • უფრო მეტად განიმარტოს, თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ბრძანება.