საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, „კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრებმა მიმართეს საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ასახვის მიზნით.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის აღნიშვნა უმნიშვნელოვანესი განაცხადი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით ევროპული ტიპის დემოკრატიის ფორმირების, ასევე ქვეყნის გარეთ საგარეო-პოლიტიკური კურსის პრიორიტეტების განსაზღვრის თვალსაზრისით. საქართველოს უკვე აქვს გაცხადებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, თუმცა ის არ არის აღნიშნული საქართველოს სახელმწიფოს სახელმძღვანელო დოკუმენტსა და ძირითად კანონში - კონსტიტუციაში. ვფიქრობთ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მუდმივად დგას საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე, აღნიშნული განაცხადის კონსტიტუციის სიმაღლეზე აყვანა კიდევ ერთი გარანტია იქნება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთადერთი სწორი მიმართულებით განვითარების თვალსაზრისით.
კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის საქართველოს საკონსტიტუციო კომისიას შემდეგ ფორმულირებას სთავაზობს:
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.”
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და საკონსტიტუციო კომისიას გაითვალისწინოს ჩვენი წინადადება და კონსტიტუციაში ასახოს შესაბამისი ცვლილებები, რაც საქართველოს სახელმწიფოს საგარეო სტრატეგიული კურსის ურყევობას განამტკიცებს.
"კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” არის 23 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია, რომლის მიზანია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები არიან :