უკიდურესად შემაშფოთებელია 8 აპრილის საღამოს დიღმის მასივში შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტი. გავრცელებულ კადრებში ჩანს თავდამსხმელთა რასისტული განცხადებები და მოტივები. ეს ინციდენტი ბოლო პერიოდში გამოვლენილ შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული და სისტემური ანტიდისიკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
როგორც გავრცელებული კადრებიდან იკვეთება, ბელიაშვილის ქუჩაზე, სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ რამდენიმე შავკანიანს თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სტუდენტების განცხადებით, მათ წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების მოტივი მათი კანის ფერი იყო. ძალადობის დროს თავდამსხმელები მოითხოვდნენ, რომ მათ დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია.
განსაკუთრებით საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა სტუდენტებს მომხდარის დავიწყება ურჩიეს და სამართლებრივი რეაგირება მომხდარზე არ მოუხდენიათ. მიგვაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლების სამსახურებრივი გულგრილობა წარმოადგენს სსკ 342 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და პროკურატურის შესწავლის საგანი უნდა გახდეს. უნდა აღინიშნოს, რომ აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ჩატარებულ ინტერვიუებში, ისინი ხშირად ჩივიან, სამართალდამცავების მხრიდან გამოვლენილ გულგრილობასა და არაეფექტიან რეაგირებაზე, რაც თანასწორობის დაცვის მიმართულებით სამართალდამცავი სისტემების არაჯეროვანი ფუნქციონირებისა და დისკრიმინაციული საპოლიციო კულტურის პრობლემაზე უთითებს.
შსს-ს განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით არის დაწყებული (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), თუმცა, გამოძიების მიერ არ არის გამოკვეთილი რასის საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივი, რომელსაც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი საგანგებოდ უსვამს ხაზს (სსკ-ის 53 პრიმა მუხლი) და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულად განიხილავს.
მისასალმებელია შსს-ს მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმები, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის შექმნა. თუმცა, მნიშვნელოვანია სამინისტრომ გრძელვადიან ცვლილებებთან ერთად (inter alia, პოლიციის თანამშრომლების სათანადო ცოდნითა და სენსიტიურობით აღჭურვა, დისკრიმინაციული დანაშაულების სტატისტიკის და ყოვლისმომცველი ანალიზის ჩატარება, სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთად კომპლექსური პრევენციული პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება, მსხვერპლების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა), ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მიმდინარე დანაშაულის ფაქტებზე, უზრუნველყოს მსხვერპლების ეფექტიანი დაცვა და ამით აჩვენოს მისი პრინციპული პოლიტიკური ნება დისკრიმინაციულ დანაშაულებთან ბრძოლის პროცესში.
უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან საქართველოში მყოფი ადამიანები ხშირად ხდებიან ქსენოფობიისა და რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლები, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო სივრცეში, საბანკო და სხვა კომერციულ დაწესებულებში მომსახურების მიღების დროს. მსგავსი დისკრიმინაციული სოციალური პრაქტიკების აღმოფხვრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში მკაცრი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესს და სოციალურ გარემოს დაცლის ეთნოცენტრისტული, რასისტული, ქსენოფობიური შინაარსისგან და მრავალფეროვნებისა და თანასწორობის კულტურას წაახალისებს. ასევე მნიშვნელოვანია, უმაღლესი განათლების დაწესებულებებმა გაატარონ ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა მათ სისტემებში. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთავრობისა და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი პოზიტიური დისკურსის გაჩენას.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს:
საქართველოს პროკურატურას:
საქართველოს მთავრობას:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ფონდი ღია საზოგადოება- საქართველო (OSGF)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
კავშირი საფარი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თანასწორობის მოძრაობა
შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი -საქართველო
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)