logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს (1).png
14 ივნისი, 2018
 0

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, სადაც იგი შედარებების გზით დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში იხსენიებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს და ქალებს.

ერთ-ერთ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს: „საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს“.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატზე, შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა: „შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ... დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია. ყველა პატრიოტთან და მეგობართან მქონია შეხება, მათ შორის ისრაელში არის ძალიან მაგარი საქართველოს პატრიოტი და მაგარი ხალხი, ამ ხალხთან მე მაქვს ძაან თბილი ურთიერთობა. ეს კაცი არის ჩვეულებრივი რუსი, რუსეთზე მუშაობს...“

მიუხედავად იმისა, განზრახული ჰქონდა თუ არა მსგავსი შედარებების გაკეთებით მიხეილ სააკშვილს რომელიმე ეთნიკური/ეროვნული ჯგუფის შეურაცხყოფა, მთელი ეთნოსისათვის ამა თუ იმ უარყოფითი მახასიათებლების მიწერით მან დამამცირებელ კონტექსტში წარმოაჩინა ერთ შემთხვევაში ჩეჩნები, მეორე შემთხვევაში კი ებრაელები. ამდენად, მისი განცხადებები იყო ქსენოფობიის შემცველი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა სექსისტური განცხადება, სადაც იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ნათია მეზვრიშვილზე წერს: „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის "პროკურორი" (პოსტის თავდაპირველი ვერსია ასეთი იყო: „ესაა კარგად ცნობილი ივანიშვილის კალთაში მჯდომი მსუბუქი ყოფაქცევის „პროკურორი“ ).

აღსანიშნავია, რომ საჯარო პირებს, მათ შორის კი განსაკუთრებით პოლიტიკოსებს აკისრიათ მაღალი პასუხისმგებლობა თავი შეიკავონ ისეთი გამონათქვამებისგან, რომელმაც შესაძლოა წაახალისოს რასიზმი, ქსენოფობია, თუ დისკრიმინაციის ან სიძულვილის სხვა ფორმები. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გამოხატვა განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს, სწორედ იმის გამო რომ პოლიტიკოსებს აქვთ მაღალი ზეგავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, მნიშვნელოვანია განცხადებების გაკეთებისას ისინი იაზრებდნენ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებიდან მომდინარე საფრთხეებს, რამაც შესაძლოა გაამყაროს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, წაახალისოს შეუმწყნარებლობა ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ.

მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, იქნებიან ეს ქალები, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობის წარმომადგენლები.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI)

თანასწორობის მოძრაობა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საფარი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)