დღეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების შედეგად მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის და ზოგადად მსოფლიო წესრიგის გადახედვის მოწმენი ვხდებით. დასავლური სამყარო, ბევრისთვის მოულოდნელად, უპრეცედენტო ერთიანობას აჩვენებს და არა მხოლოდ უკრაინას უდგას გვერდით მისი სამხედრო და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად, არამედ ძალიან დიდ და მტკივნეულ ფასს ახდევინებს რუსეთს.
დასავლელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების და მათი სხვადასხვა დონის წარმომადგენლების მიერ ღია და დახურულ კარს მიღმა გაკეთებული განცხადებებით, დასავლური ერთიანობა ურყევია, ხოლო მათი გადაწყვეტილება მტკიცე, რომ პუტინის დამნაშავე რეჟიმმა საკადრისი პასუხი მიიღოს. აშკარაა, რომ იქმნება ძალიან ცხადი გამყოფი ხაზი, ერთის მხრივ, ცივილიზებულ სამყაროსა და მეორეს მხრივ, პუტინის რეჟიმსა და მის მცირერიცხოვან ღია თუ პასიურ მხარდამჭერებს შორის. მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა გააკეთა არჩევანი უკრაინის თავისუფლებისა და ერთიანობის სასარგებლოდ, თუმცა ეს ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ბოროტების მანქანის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინა – ესაა არჩევანი მსოფლიოში მშვიდობის, დასავლური სამყაროს ერთიანობის, წესრიგსა და თანასწორობაზე დამყარებული სტაბილურობის სასარგებლოდ.
საქართველოსთვის ეს არჩევანი ყოველთვის ცხადი და ბუნებრივი იყო. ჩვენმა ქვეყანამ ერთ-ერთმა პირველმა და არაერთგზის იწვნია რუსეთის აგრესია და ექსპანსიონიზმი, რაშიც ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის ძალიან ძვირი ფასი გადავიხადეთ.
ამასთან ერთად, ახლა ჩნდება ისტორიული შანსი, რომ წარმატებით დაგვირგვინდეს ქართველების მრავალი თაობის სურვილი და ნაღვაწი, რომ საქართველო რეალურად გახდეს დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ამიტომ, დღეს საქართველოს პოზიციაში ეჭვი არავის უნდა შეჰქონდეს – ის ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იდგეს დასავლეთის და განვითარებული მსოფლიოს გვერდით, საპირისპირო გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ბუნდოვანი და არათანმიმდევრული რიტორიკა ეჭვებს აჩენს მისი, როგორც დასავლეთის ქვეყნების პარტნიორის სანდოობასთან და ერთგულებასთან დაკავშირებით.
იმ მიზნით რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები სრულად და მკაფიოდ იყოს გაცხადებული და გატარებული ცხოვრებაში, საჭიროდ მიგვაჩნია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
მიგვაჩნია, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდეს გამოწვევებს, თავი დაიზღვიოს საბედისწერო შეცდომების დაშვებისაგან და მყარად დაიკავოს თავისი დამსახურებული ადგილი ცივილიზებული სამყაროს გვერდით. გამოვთქვამთ ზემოთ აღნიშნული ნაბიჯების განხორციელებაში ჩართვის მზადყოფნას, სადაც კი ეს შესაძლებელია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
ცენტრი "ემპათია"
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საზოგადოება და ბანკები
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
მწვანე ალტერნატივა
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
ევროპის ფონდი
უფლებები საქართველო
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
ლიბერალური აკადემია
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საფარი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)