სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.
5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ იგეგმება. ღონისძიების გამართვას საფრთხეს უქმნიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალური მედიის გამოყენებით, ღიად და საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ.
კონტრაქციის ორგანიზატორთა საჯარო განცხადებები გაჯერებულია მუქარის შემცველი და ძალადობრივი მოწოდებებით აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა უსაფრთხოებას. საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ დრომდე საჯაროდ არ გაცხადებულა მზაობა ღირსების მარშის მონაწილეთა უპირობო დაცვის შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. კანონის მიხედვით, აკრძალულია ძალადობის პროპაგანდა და მოწოდებები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის ორგანიზატორთა განცხადებები მის ძალადობრივ მიზანზე მიუთითებს და საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. Სისხლის სამართლის კოდექსის 2391 მუხლის თანახმად, დასჯადია რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
შეგახსენებთ 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს გამართული შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ მოწყობილ კონტრაქციასა და მის მძიმე შედეგებს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების არასაკმარისი მობილიზაციის პირობებში მოძალადეების მხრიდან დაირღვა მშვიდობიანი შეკრების უფლება, მონაწილეთა ფიზიკური უსაფრთხოება, ხოლო მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა.
ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ შეკრებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლების შეუფერხებლად რეალიზების მნიშვნელობას და მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
● ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების მცდელობებზე;
● უპირობოდ დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეთა უფლებები და უსაფრთხოება.
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციები:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
უფლებები საქართველო (Rights Georgia)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
თანასწორობის მოძრაობა
საფარი