logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

თერთმეტი წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან: კოალიცია "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" წარმომადგენლები გმობენ ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს

2.jpg
08 აგვისტო, 2019
 0

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან მეთერთმეტე წლისთავზე რუსეთის ფედერაცია ისევ აგრძლებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. პარალელურად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გრძელდება მავთულხლართებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების აღმართვა, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათი მოტაცება, წამება და მკვლელობები.

სამწუხაროა, რომ აღნიშნულის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვიწრო პარტიულ ხედვებს სახელმწიფოს ინტერესებზე წინ აყენებენ და აგრძელებენ ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომლითაც ომის დაწყებაში საქართველოს წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ამ გზით ისინი იზიარებენ ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტის პუტინის პოზიციებს და ემსახურებიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას.

გასათვალისწინებელია, რომ ტალიავინის დასკვნის მიხედვით რუსული სამხედრო ოპერაციის ოფიციალურ დაწყებამდე ცხინვალის რეგიონში უკვე შემოსული იყვნენ რუსული არმიის შენაერთები, რომლებიც არ სარგებლობდნენ სამშვიდობო ძალების მანდატით, ხოლო 2008 წლის მაისში რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების დანაყოფი შეიყვანა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით საქართველოს წინააღმდეგ ომის გეგმა რუსეთის გენერალურმა შტაბმა 2006 წელს შეიმუშავა.

სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” წარმომადგენლები მკაცრად ვგმობთ საქართველო-რუსეთის ომის მეთერთმეტე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ ისეთი პოზიციის დაფიქსირებისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

_________________________

ღია საზოგადოების ფონდი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საზოგადოება და ბანკები

ადამიანის უფლებათა ცენტრი

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - GIP

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება