logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) განცხადება

Untitled-1.png
07 ოქტომბერი, 2023
 0

6 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები კვლავ შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენია, მათ საქმიანობას კი „სამარცხვინო და არაქართული“ უწოდა.

სამწუხაროდ, ნაცვლად საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შინაარსობრივი დისკუსიებისა და თანამშრომლობისა, პარლამენტის თავმჯდომარე აგრძელებს მადისკრედიტებელ კამპანიას მათ წინააღმდეგ. გარდა იმისა, რომ თავისი განცხადებით შალვა პაპუაშვილი ხელს არ უწყობს დეპოლარიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პროცესს, აღსანიშნავია ისიც, რომ მისი განცხადების შინაარსი რეალობას აცდენილია. შალვა პაპუაშვილი, სამწუხაროდ, ამახინჯებს როგორცკანდიდატის სტატუსმეტრში“ მოცემულ ევროკავშირის პრიორიტეტების შესრულების შეფასებებს, ასევე ამ დოკუმენტის შინაარსს, რომელსაც, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის არც გაცნობია.

რაც შეეხება „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ პოზიციას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ის მკაფიოდაა ასახული „კანდიდატის სტატუსმეტრსა“ და ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლეიენთან 18 სექტემბერს გაგზავნილ წერილში, რომელშიც კიდევ ერთხელ ვთხოვთ ევროკომისიის პრეზიდენტს, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან „ეს იქნება საქართველოს ისტორიული არჩევანის აღსრულებაში კიდევ ერთი ეტაპი, შეასრულებს კატალიზატორის როლს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში და განამტკიცებს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებას.“ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ საკითხზე სრულიად ნათელი, ქართული და ევროპულია, განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც, ევროკავშირმა თავის დროზე, ანტიევროპულად და ანტიდემოკრატიულად შეაფასა.

გვსურს მოვუწოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ GRASS-ის პოზიციაზე საუბრისას GRASS-ის პოზიციას დაეყრდნოს და შეფასებისას, ფაქტების საპირისპირო სურათის დახატვით, შეცდომაში არ შეიყვანოს საზოგადოება.

საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პროცესი საერთო ეროვნული ამოცანაა. როგორც ეს ევროკომისიის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში აღვნიშნეთ, „ამ პროცესმა, ევროკავშირში გაწევრიანების ეროვნული მიზნის მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანეს მომენტში, ყველა დაინტერესებული მხარე უნდა გააერთიანოს.“ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, შეცვალოს დამაზიანებელი და მაპოლარიზებელი რიტორიკა და იმოქმედოს საზოგადოების არა დაყოფის, არამედ გაერთიანების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ პროცესის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას. იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგამს რეალურ ნაბიჯებს და, ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნის მისაღწევად, ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგულარული შინაარსობრივი შეხვედრების გამართვას დაიწყებს.